საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოყო
პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სარემონტო სამუშაოები დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ასოციაცია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა.
“წიგნები, რომლებიც განთავსებული იყო შატოს სხვადასხვა სათავსოში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში გარემონტებულ ბიბლიოთეკაში განთავსდება. ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოიყო.