პრემიერის ინიციატივით, საზღვარგარეთ სასწავლებლად კიდევ 115 სტუდენტი გაემგზავრება
ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
“გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია. ეს მათი სამშობლოა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საერთაშორისო განათლების ცენტრზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნას გეგმავს.
“ჩემი ინიციატივით შექმნილი ეს ცენტრი ამუშავდა გასულ წელს, ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ, საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებულნი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს. ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნას ვგეგმავ, თუმცა ისინი კვლავ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხის ორმაგი კომპენსირების მოხდენა მოუწევთ“, – აღნიშნა პრემიერმა.