გიორგი მარგველაშვილი: ქართული ჯარი არის ფუნდამენტი სახელმწიფოს სიძლიერისა
ერები იბადებოდნენ და ქრებოდნენ, მაგრამ ჩვენი სამშობლო მტკიცედ იდგა, რადგან იყვნენ ადამიანები, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშვენიერ და სათაყვანებლ სამშობლოს, მამულს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, მესამე ბრიგადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ამ ადამიანების შრომით, შემოქმედებით შეიქმნა არაჩვეულებრივი კულტურა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ მსოფლიოს ყველა წერტილში. მათი შრომით შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ყველა გამოწვევას. იყო სირთულეები და სირთულეები მომავალშიც იქნება, მაგრამ დღევანდელ თაობებსაც, მომავალ თაობასაც ექნებათ ძლიერი და წარმატებული წუთები, როდესაც ჩვენ ვიქნებით გაერთიანებული იმ სიამაყით, რომელსაც მოუტანს ჩვენს სამშობლოს ჩვენი შრომა, ჩვენი ღვაწლი, ჩვენი თავდადება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართული ჯარი არის ფუნდამენტი სახელმწიფოს სიძლიერისა.
“თქვენი შემოქმედება, თქვენი მუშაობა სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული. იცოდეთ, რომ თქვენს პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, ამიტომ თქვენთან ერთად უკან ვიხედები მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს, ვიხედები მომავალ საუკუნეებში, სადაც უფრო ძლიერები და ერთიანები ვართ. საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივესალო, ვისთვისაც მთავარი ღრებულრბა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სიძლიერეაა. მინდა, სიმტკიცით და იმედით გითხრათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მომავალში კიდევ უფრო ძლიერი იქნება, გამთლიანებული მეგობრობით, ერთმანეთის სიყვარულით, რწმენით და იმედით. გილოცავთ. ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს.