იური კობალაძე – რუსეთმა უნდა გაიხსენოს, რომ საქართველო არსებობს

რუსეთს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არსებობს. საქართველო დღეს რუსეთს უყურებს, როგორც არამეგობრულ მეზობელს, მაგრამ ეს დამოკიდებულება ქართველების მხრიდან რუსების მიმართ დამოკიდებულებაზე არ ვრცელდება. ამის შესახებ „ლენტა.რუ“-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა გენერალ-მაიორმა, ამჟამად პუბლიცისტმა, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორმა იური კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გართულებული ურთიერთობების აღდგენა მარტივი არ იქნება, ვინაიდან საქართველო კვლავ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ცდილობს, ხოლო რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანაშრომლობას განაგრძობს, რითიც თბილისს აღიზიანებს. თუმცა კობალაძეს მაგალითად მოჰყავს რუსეთსა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობები.

„არსებობს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა თურქეთი, ის ნატოს წევრია და შავ ზღვაზე სერიოზული ინტერესები აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთს თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოსთან. გერმანია, რომელთანაც მე-20 საუკუნეში ორი სისხლისმღვრელი ომი გვქონდა, ბოლო დრომდე ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო. პოლიტიკური და დიპლომატიური ხასიათის სირთულეები ადამიანების შეგნებაზე ყოველთვის არ მოქმედებს. უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, ადამიანური და სახელმწიფოთაშორისი კავშირები. ამიტომ საქართველოსა და რუსეთის დღევანდელი ურთიერთობები მე არ მაწყობს. მე კი ძალზე დაინტერესებული ვარ მათი გამოსწორებით. მე მამა მყავს ქართველი, ხოლო დედა – რუსი“, – ამბობს კობალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები