აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართა
აფხაზეთში განთავსებულმა რუსულმა საოკუპაციო ნაწილებმა წვრთნები გამართეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს საპატრულო კატერების დივიზიონმა აფხაზეთის ე.წ. ტერიტორიული წყლების და სანაპირო დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მანევრები გამართა.
„წვრთნები ზღვიდან შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრის მოსაგერიებლად ტარდება. პირველ ეტაპზე კატერების დისლოცირების ადგილების დაცვა იყო უზრუნველყოფილი. სამხედრო ბაზაზე განგაში გამოცხადდა, სამხედრო პირებს იარაღი დაურიგათ და მათ დაიკავეს საბრძოლო პოსტები. მეორე ეტაპზე კი კატერები ზღვაში გავიდნენ, იქ საწვრთნელი სროლა გაიმართა და შემდეგ „დაზიანებული“ კატერის ევაკუაცია პორტის აკვატორიაში მოხდა“, – განუცხადა „სპუტნიკს“ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა სერგეი ოგნევმა.