„ბოლო წლებში იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა გადაცდომების შესახებ 250 საჩივარი შევიდა, თუმცა საბჭომ არცერთი მათგანი არ განიხილა“

„მოამართლეთა გადაცდომების შესწავლისთვის ახალი ინსტიტუტის შემოღება საჭიროა, ვინაიდან მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქმედუუნარო გახდა“,- აღნიშნული განცხადება ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა გადაცდომის შესახებ შესული საჩივრებიდან არცერთი არ განუხილავს.
როგორც ადვოკატმა განმარტა, კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი ამა თუ იმ გადაცდომას შეისწავლის, თუმცა ის აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაციებით ისევ იუსტიციის საბჭოს მიმართავს.
„მოსამართლეთა კონტროლს და მათ დისციპლინურ დევნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს, საბჭო 12 წევრისგან შედგება, აქედან 8 წევრად კუბლაშვილმა მოახერხა, რომ აირჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებლები იყვნენ. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ დღეისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა გარკვეულწილად პარალიზებულია.
ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, როგორც ოფიციალურად გაცხადდა, 250-ზე მეტი საჩივარი შევიდა იუსტიციის საბჭოში სხვადასხვა მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ამ 250 საქმიდან არც ერთი საჩივარი განხილვამდე არ მისულა, რომ საბჭოს ან დაედასტურებინა ან უარეყო გადაცდომა. პირველივე ეტაპზე იუსტიციის საბჭოს მდივანი მურუსიძე ჩანასახშივე სპობს იმის შესაძლებლობას, რომ საჩივრები განხილული იყოს. შეუძლებელია ადამიანმა დაიჯეროს, რომ ამდენი საჩივრიდან არცერთი არ იყო საფუძვლიანი, თუნდაც იმდენად, რომ განხილვას დაქვემდებარებულიყო.
ვინაიდან მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მიმართულებით ქმედუუნარო გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნინო გვენეტაძემ გადაწყვიტა, შეექმნა დამატებით ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებები, საქმეთა განხილვისას დაშვებული შეცდომები და გადაცდომები გამოვლენილი და დასჯილი ყოფილიყო. აქ საუბარი სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან დაჭერაზე არ არის. აქ საუბარია მითითებაზე, საყვედურზე და ასე შემდეგ.
ინსპექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას ვერ ჩაანაცვლებს, მას აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილება, რომ ესა თუ ის გადაცდომა უფრო კონკრეტულად შეისწავლოს და საკუთარი დასაბუთებითა და რეკომენდაციებით მიაწოდოს იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ისევ უმაღლეს საბჭოს რჩება“,- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება ნიკოლაიშვილის ინსპექტორად შესაძლო დანიშვნის საკითხს, ადვოკატის განცხადებით, მსგავსი შეთავაზება მის მიმართ არ გაკეთებულა და ეს ვერც მოხდებოდა, რადგან ინიციატივა ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახით არსებობს და დამტკიცებულიც არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები