“საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივა არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა”
გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის ინიციატივას ეხმაურება. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო ინიციატივა შეთანხმებული არავისთან არ ყოფილა.
„საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივა აბსოლუტურად არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა“, – განაცხადა ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმაც ბრძანა და ვერც იქნებოდა შეთანხმებული გამომდინარე იქიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არა პროფესიული, არამედ პოლიტიკურია.
“ცალსახად ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი არა აქვს პროფესიულ მსჯელობასთან, პროფესიულ კრიტერიუმებთან. ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკისგან. ასევე, ძალიან საკვირველია, რატომ გახდა საჭირო მაინცდამაინც საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული ტიპის რყევების გამოწვევა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ყველაზე უფრო მეტად წარმატებული სექტორი. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ამ სექტორზე შეტევა თითოეულ მოქალაქეზე შეიძლება აისახოს ისევე, როგორც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე, კრედიტორებზე, დეპოზიტორებზე და ა.შ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა პრეზიდენტის უფლებამოსილებების ფაქტობრივ შემცირებასთან დაკავშირებით, რაც სწორედ გამოიხატება მსგავსი ტიპის კანონპროექტში”, – განაცახდა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესასოციაციის, ექსპერტების პოზიციები.
პრეზიდენტის მრჩეველი იმედოვნებს, რომ დისკუსიის შედეგად პარლამენტი ჯანსაღ გადაწყვეტილებას მიიღებს.