ობამას ოვაციები და განსაკუთრებული მადლობა ქართველ კადეტებს – „ამ ბიჭების სულები იქნებიან თქვენთან“ (ფოტო)
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქოუსტგარდის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სწავლის დასრულება პირადად მიულოცა და დიპლომები საზეიმოდ გადასცა. გაზეთი „პრაიმტაიმი“ ქოუსტგარდიდან სპეციალური ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, წელს აკადემიის დიპლომი 200 სტუდენტს გადაეცა, მათ შორის კი განსაკუთრებულად ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული ქართველი სტუდენტის გიორგი ტალახაძისა და გარდაცვლილი სოსო მაკარიძის გამოცხადება იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ავარიაში გარდაცვლილ ქართველ კადეტებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
„ამ ბიჭების სულები იქნებიან თქვენთან, დღეს ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს მერლ სმიტი, პირველი აფრო ამერიკელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სანაპირო დაცვის კურსი 1966 წელს და არის ვიეტნამის ომის ვეტერანი. თქვენ უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე, ისევე როგორც ოჯახზე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქენს თანაკურსელებს საქართველოდან“, – აღნიშნა ობამამ.
ობამამ აშშ-ს სამხედრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტის სოსო მაკარიძის დიპლომი, საქართველოს ელჩს ნიუ-იორკში არჩილ გეგეშიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. ამაღელვებელ ცერემონიალს ქოუსტგარდის სტუდენტები და შეკრებილი საზოგადობა ემოციებით და ფეხზე დგომით შეხვდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძე კი საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.