გელა დუმბაძე უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრა კიევში, საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა. უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება ესწრებოდა.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა, მის მიერ განხორციელებული ვიზიტების შესახებ ისაუბრა. გელა დუმბაძემ ორი თვის განმავლობაში ცხრა ქვეყნის, ოცზე მეტ ქალაქში მცხოვრები ქართველები მოინახულა და პირადად მოისმინა მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ პირისპირ გამართული შეხვედრები იძლევა ჩვენი დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების უკეთ გაცნობის საშუალებას.