„მოხარული ვარ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ჩამოტანის პროცესში ვმონაწილეობ“
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ალიბეგაშვილი ცეცხლის ანთებისა და გადმოცემის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ათენში გაემგზავრა.
,,საქართველოს ბოლოდროინდელი სპორტული წარმატებები სულ მალე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. მოხარული ვარ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ჩამოტანის პროცესში ვმონაწილეობ. მივესალმები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოს დედაქალაქში ჩატარებას, რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში საქართველოში უკვე დიდი ოლიმპიადის სპორტულ ჩირაღდანს ჩამოიტანენ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ოლიმპიური ცეცხლი ათენში პანათინაიკოსის სტადიონზე აინთება. ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და გადაცემის პროცესი გულისხმობს ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყებას მასპინძელ ქვეყანაში. 2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიური ცეცხლი პირველად შემოვა საქართველოში. ჩირაღდნის პირველი გადაცემა ბათუმში მოხდება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი -2015-ის გახსნის ცერემონია დედაქალაქში 2015 წლის 26 ივლისს შედგება და მასში მონაწილეობას კონტინენტის 49 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიადის თბილისში ჩატარება ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა.