თამარ სანიკიძე: სკოლაში ბავშვის შეყვანის ასაკთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დამთავრდეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე პარლამენტში მეორე მოსმენით კენჭისყრაზე 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სკოლაში ბავშვის შეყვანის ასაკთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში დააყენა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ, უმცირესობამ და ისინი ახდენენ საკითხის სპეკულირებას. კითხვაზე, შეცვლის თუ არა სამინისტრო გადაწყვეტილებას და გაითვალისწინებს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერის მოწოდებას, რომ კითხვის ნიშნები აღარ იყოს, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ პრემიერმა მოუწოდა, რომ თუ სადმე არის კიდევ კითხვის ნიშნები კიდევ ერთხელ დასხდნენ და ამაზე ისაუბრონ.
“ამაზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ, იმიტომ, რომ ვიცით, როგორ თემასაც უკავშირდება. რაც შეეხება იმას, შევცვლით თუ არა ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისი დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა არის პარლამენტზე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. ასევე იმისიც, რომ ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა ახლა სპეკულირების თემა სასწავლო წლის დაწყების წინ, როდესაც მთელი რიგი პროცედურები არის გასატარებელი და მოსამზადებელია სისტემა ახალი სასწავლო წლისთვის”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. რაც შეიძლება მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მშობლები სამინისტროში რეგულარულად მიდიან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
“ყველა მშობელი, ვინც ჩვენთან იყო მოსული და შესაბამისი განმარტება მიიღო, კითხვის ნიშნებით აღარ წასულა ჩვენგან. ამიტომ ეს თემა გასაყოფია – პოლიტიკური სპეკულირება და მშობლების რეალური წუხილი. მშობლებთან ვაგრძელებთ მუშაობას და კონტაქტს. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, ეს უნდა დამთავრდეს. ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ ამ სპეკულაციების მსხვერპლნი”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.