თბილისის საკრებულოში “დიპლომატიური ტური -2015”-სადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “დიპლომატიური ტური -2015”-სადმი მიძღვნილი საზიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა. საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებულმა რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა მიიღეს. მიმდინარე წელს “დიპლომატიური ტური” აჭარის რეგიონს დაეთმობა.
დიპლომატები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. ღონისძიებაზე სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გამოვიდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და “დიპლომატიური ტურის” მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საზეიმო მიღების არსსა და დანიშნულებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის შემდგომი განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.
,,დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში დიპლომატიური კორპუსის ტური იმართება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საკრებულოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. სწორედ აქედან დაიწყება საქრთველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა. მოგზაურობისას სტუმრები ყველა იმ მნიშვნელოვან ადგილს დაათვალიერებენ, რომლებიც როგორც ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვისაა მნიშვნელოვანი’’, -განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. “დიპლომატიურ ტურს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხედ უწევს ორგანიზებას და მისი თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რკინიგზა.