დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც იქნებიან წარმოდგენილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
“ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დღეს მთავრდება. დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის უზარმაზარი დამსახურებაა ამ ტრენინგის წარმატება. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა “Noble Partner“-ის გაგრძელების შესახებ. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლება მომავალ წლებში და ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, ქართველ გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო 26 მაისს იხილავს, იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისთვის კი გენერალი ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.