უკრაინაში ქართული კულტურის დღეები იმართება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. იგი უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ მიერ ორგანიზებულ მეექვსე ქართული კულტურის ფესტივალის გახსნას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, ამავე ორგანიზაციის დაარსებიდან 5 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე აღინიშნა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტში, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერიელმა“, ასევე, უკრაინაში მოღვაწე და საქართველოდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩასულმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონცერტს უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე, როსტისლავ კარანდეევი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინის რესპუბლიკაში, მიხეილ უკლება და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონცერტის დაწყებამდე უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილემ, როსტისლავ კარანდეევმა საქართველოსა და უკრაინის შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. საპასუხოდ, გელა დუმბაძემ აღნიშნა უკრაინის გვერდში დგომა საქართველოსთვის მძიმე პერიოდში და ხაზი გაუსვა იმ კეთილ, მეგობრულ ჟესტს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ბავშვებისთვის გააკეთა, რომლების გმირი მამებიც უკრაინის ცნობილი მოვლენების დროს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ბავშვები საქართველოს საზაფხულო ბანაკებში დაასვენა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ და მის ხელმძღვანელს, ბესიკ შამუგიას უკრაინაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი გრძელდება. მომდევნო დღეებში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები უკრაინაში ქართულ დიასპორასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები