ნოდარ ხადური საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი გახდა
დღეს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საზოგადოება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით დაფუძნდა.
საზოგადოების პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელია თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა.
საზოგადოების სხვა დამფუძნებლები არიან: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი რამაზ აბესაძე.
საზოგადოების მიზანი ქვეყანაში ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაა.
საზოგადოება ხელს შეუწყობს მეცნიერ-ეკონომისტთა კონსოლიდაციას ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერებას, მოამზადებს სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც გამოიცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ასოციაციების მუშაობაში და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში, წარადგენს პროექტებს საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად, ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიებებს, გამართავს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების საკითხებზე და სხვა. ღონისძიებას ცნობილი პროფესორები და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ.