ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის

მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაულის, “აფხაზეთობას”, საზეიმო გახსნაზე განაცხადა.

“მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს არის “აფხაზეთობა”. მე ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე აფხაზეთსა და სოხუმში. მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა, რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენაა მიმართული. “მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობაб ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები