რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტ” ლეონიდ თიბილოვს შეხვდა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანამშრომლობის კომისიის წარმომადგენლები ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ. სააგენტო „ოსინფორმის“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეკოვი, ასევე ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი. ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტს შორის თანამშრომლობის ნაყოფიერებაზე ისაუბრა. „ჩვენ თანამშრომლობის კომისიის მუშაობაში დიდ დინამიკას ვხედავთ, რაშიც ალექსანდრე ტოტოონოვის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, მუშაობა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად გაგრძელდება. “ახლა ჩვენ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების რატიფიკაციას ველოდებით“, – ამბობს თიბილოვი. მისი განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთში ხელფასების და პენსიების რუსეთის სტანდარტებთან მიახლოვება. თავის მხრივ, ალექსანდრე ტოტოონოვმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთის და სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის ერთმანეთთან დაახლოვება. „ამ ხელშეკრულების გარდა, ჩვენ ვგეგმავთ მომავალში ისეთი კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც ამ ხელშეკრულების რეალიზაციას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ტოტოონოვმა.
შეხვედრის ბოლოს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ლეონიდ თიბილოვს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.