პრემიერი: პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო (ვიდეო)
პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო, – ეს პოლიტიკური მესიჯი ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მიიღო.
პრემიერის შეფასებით, რიგის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალ წელს ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ.
„ჩვენს შემთხვევაში, როგორც პირად საუბრებში, ისე – საჯაროდ, ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ორმხრივ შეხვედრებზე ამას ერთხმად აღნიშნავენ. პროცესი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბევრად ადრე, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ ეს დაიწყო 2010 წელს და დღეს მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ნახტომი გააკეთა. რა თქმა უნდა, ევროპაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება იდეალური არ იყოს დეკლარაცია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა აუცილებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.