სერგეი ლავროვი: მე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაფერი ვიცი

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის აღიარებული და მისი მოკავშირეები არიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ევროპის საბჭოს რეზოლუციის შესრულებას, ლავროვმა უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია მოთხოვნის შინაარსი.
„მე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაფერი ვიცი. სამხრეთ კავკასიაში არის ორი ახალი სახელმწიფო. მათ დამოუკიდებლობა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში დანაშულებრივი ბრძანება გასცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლის საკითხს, ამაზე საუბარი, ლავროვის თქმით, ამ სახელმწიფოთა ხელმძღვანელობასთან უნდა მოხდეს.
„რამდენადაც მე ვიცი, საერთაშორისო სტრუქტურები, როგორებიცაა ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგულარულად ჩადიან. ამ ქვეყნების ხელმძღვანელობა ღიაა დიალოგისთვის და კონტაქტებისთვის საერთაშორისო სტრუქტურებთან“, – განაცხადა ლავროვმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო სტრუქტურებს პატივი სცენ „ახალ რეალობებს“ სამხრეთ კავკასიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები