ოკუპირებულ აფხაზეთში ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს განიხილავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში აქტუალურია ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა. ამაზე სააგენტო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში აფხაზი პოლიტოლოგი ესლანდა სმირი საუბრობს. სმირს მიაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება საქართველოსა და მისი მოკავშირეებისთვის რთულად რეალიზებადი ამოცანაა.
„ვიდრე რუსეთისა და საქართველოს კონფრონტაციის საკითხი გადაჭრილი არ იქნება, ნატოს წევრები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ყველანაირად დაამუხრუჭებენ“, – განაცხადა ექსპერტმა. მისი აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას შეაფერხებს, ალიანსის წესდების მე-5 მუხლია. ის სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ნატოს ქვეყნების კოლექტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
„ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების არსებობის გამო ნატოში საქართველოს წევრობა MAP-ის მინიჭების შემთხვევაშიც კი მიზანშეუწონელი იქნება, – აცხადებს სმირი. სააგენტო „სპუტნიკს“ გაზეთ Financial Times-ის სტატიაც მოყავს, რომელშიც წერია, რომ ევროპა ბოლო დროს საქართველოსთან დაახლოების საკითხში სულ უფრო ნაკლებ აქტიურობას იჩენს, რითიც ქვეყნის მოსახლეობის გულდაწყვეტას იწვევს.