საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
დავით უსუფაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიწვევით, ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივები, საქართველო-უნგრეთის პარლამენტებს შორის არსებული კავშირები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებს. დავით უსუფაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობისთვის, რომელზეც იგი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა.
უნგრეთის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.