რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი ამ ეტაპზე დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ მას არ მოუსმენია ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მხრიდან აფხაზეთის აღიარების ოფიციალური განცხადება. ამის შესახებ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს საუბარი დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის შესახებ ფართო ავტონომიის სახით. ამაზე უნდა გაიმართოს მათსა და კიევის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება. ჩვენ მადლობლები ვართ, თუ მათ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს, თუმცა პირადად მე ამის შესახებ მხოლოდ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ვნახე. აფხაზეთი ამ ეტაპზე დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, – აღნიშნავს ხაჯიმბა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.