სოფელ ანასეულში მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება, – მშენებარე ქარხანას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსება, ხოლო 485 982 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 20-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმო პირველ წელს 1 000 ტონამდე ხილის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში, გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 3 000 ტონას მიაღწევს. ხილის გადამუშავების შედეგად მიიღება ხილფაფის წარმოება, რომელსაც სპირტიანი სასმელების საწარმოებლად გამოიყენებენ. ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ ეკუთვნის, რომელიც ამავე ტერიტორიაზე ექსპერიმენტულ ჩაის ქარხანას ფლობს. საწარმო სეზონზე 200 ტონამდე დაუფასოებელ ჩაის აწარმოებს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ქარხანაში დასაქმებულია 24 ადამიანი, ხოლო სეზონზე, ჩაის პლანტაციებში 100-მდე ადგილობრივი იმუშავებს.