დავით უსუფაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, 17-18 მაისს, ბუდაპეშტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი 18 მაისს დავით უსუფაშვილი პლენარულ სხდომას დაესწრება და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მიწვევით, სიტყვით მიმართავს სხდომის მონაწილეებს.
ამავე დღეს, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან-ლასლო კოვერთან. ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ერთობლივ შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან, რანკო კრივოკაპიჩთან, ბოსნიას და ჰერცოგოვინას საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან, სეფიკ ძაფეროვიჩთან და მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტთან, ტრაიკო ველიანოსკისთან.