გიორგი ქადაგიძეს პარლამენტში მომავალ კვირის ბოლოს მოუსმენენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას პარლამენტში მომავალი კვირის ბოლოს მოისმენენ, – ამის შესახებ, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ტყემალაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის წლიური მოხსენების შემდეგ, საჭიროებისამებრ მისი და ყველა შესაბამისი პირის მოსმენა უშუალოდ ლარის კურსთან დაკავშირებით დარგობლივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც მოხდეს.
“გავმართავთ კომიტეტის სხდომას, რომელზეც მოხდება ყველა ის პირის დაბარება, ვინც საჭირო იქნება, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და მასზე მოვისმენთ პოზიციებს მთელ რიგ საკითხთან, პირველ რიგში კი, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას, ეს სავარაუდოდ, მოხდება მომავალი კვირის ბოლოს – ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მისი ანგარიში 30 მაისამდე ჩავიბაროთ. ამ საკითხზე დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება მსჯელობა”, – განაცხადა ტყემალაძემ.