დავით საგანელიძე: კახა კალაძემ კომერციულ ბანკებზე აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა
კალაძემ მსხვილი ქართული კომერციული ბანკების ტრანზაქციების შესახებ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომერციული ბანკების ტრანზაქციების კონტროლი ხელისუფლებას არ შეუძლია და ის ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.
“კალაძემ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა, რადგან ბანკების ანგარიშსწორება, მათი ტრანზაქციები, ეს დახურული თემაა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ეროვნული ბანკისთვის. ვერც ენერგეტიკის მინისტრი, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც პრემიერ-მინისტრი ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს. ასეთი ტიპის ტრანზაქციებით თუ დიდი რაოდენობის დოლარის გადინება ხდება, ბუნებრივია, ის გარკვეულ მოვლენებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. მან სწორედ ეს იკითხა, ეროვნულ ბანკს აქვს ეს ინფორმაცია და საინტერესოა ხომ არ ხდება ვალუტის გადინება,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ვიცე – პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და არ ვიცით, ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში თუნდაც “საქართველოს ბანკის” მიერ, “თი-ბი-სი ბანკის” მიერ რა ტრანზაქციები განხორციელდა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფერის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მას ნამდვილად შეუძლია, ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ეს დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უდგას, მოგვარდეს”, – განაცხადა კალაძემ.