დავით ნარმანია: არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ამ ღონისძიების მნიშვნელობას დედაქალაქისთვის
20-წლამდე მორაგბეთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. მომავალი ჩემპიონატის დეტალებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ისაუბრა. პრესკონფერენციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 20-წლამდე მორაგბეთა 2017 წლის ჩემპიონატის ჩატარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. თბილისის მერის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თბილისმა ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლოს. „არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ამ ღონისძიების მნიშვნელობას დედაქალაქისთვის. მსგავსი ღონისძიებები ტარდება ისეთ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც არის სათანადო უსაფრთხოება და სათანადო პირობები იმისათვის, რომ ჩამოსულ სტუმრებს ღირსეულად დახვდეს ქვეყანა და და ყველაფერს გავაკეთებთ საამისოდ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტურნირის საქართველოში ჩატარება საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. 20-წლამდე მორაგბეთა 2017 წლის ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლად საქართველოს დასახელების გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის საბჭომ მიიღო. ტურნირის ზუსტი თარიღები და სათამაშო მოედნები უახლოს მომავალში გამოცხადდება.