თეა წულუკიანი: ყველაფერი კეთდება სუფთა ხელებით
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა “პალიტრა TV”-ის გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას განაცხადა, მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს.
მისივე თქმით, კვლევები არის კარგი სამუშაო ინსტრუმენტი.
“კვლევებთან დაკავშირებით ვაფიქსირებ ერთი და იგივე პოზიციას – ვთვლი, რომ თუკი კვლევას აქვს რაღაც ცდომილება, ეს ბუნებრივია და ამას კვლევის ავტორები მიგვითითებენ. რომც ჩავთვალოთ, რომ ცდომილება შეიძლება იყოს მეტი, ყველა კვლევის შედეგს ინტერესით ვუყურებ. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი სამუშაო ინსტრუმენტი. ყველა კვლევა აჩვენებს ტენდენციებს სწორად, ეს შეიძლება ბევრს არ გაუხარდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კვლევებს იმ ხარისხით უნდა ვენდოთ, რამდენადაც რეალისტურები ვართ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი საქმე კეთდება. “კვლევებში 33% ამბობს, რომ მე მგონი საქართველო არ იცვლებაო. 22% ამბობს, რომ არასწორ გზაზე დგასო. დანარჩენი ამბობს, რომ სწორ გზაზე დგას ნაწილობრივ ან მთლიანადო. ეს ჩემთვის არის მომავლისთვის კომპასივით. ჩვენი სამინისტრო არის ის სამინისტრო, რომელიც მუშაობს ინსტიტუციებზე და ქვეყნის სწორ გზაზე წაყვანისკენს. ყველაფერი კეთდება სუფთა ხელებით. ვერც ერთ მინისტრს ვერ დაადებთ ხელს, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე რამეშია საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. თითქმის ენთუზიაზმზე მუშაობს თითქმის მთელი კაბინეტი.მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს. იმის თქმა, რომ არაფერი გაკეთდა, არ იქნებოდა მართალი. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე თავს დაგვეცა ის, რაც დაგვეცა. ჩვენ გვიყვარს მტრის ხატის შექმნა და ვიძახოთ, რომ ეს ადამიანი თუ არ იქნება, ლარი გამყარდება. ნებისმიერი კვლევა ამბობს, რომ დღეს სავალალო ვითარებაა რეგიონში შექმნილი”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.