პრემიერი: ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის

იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესცენტრის, მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული როლი,-ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს როლის განსამტკიცებლად, მთავრობამ განვითარებისა და ინვესტირების თვალსაზრისით ხუთი პრიორიტეტული სექტორი დაადგინა. ესენია: საბანკო სექტორი; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; ენერგეტიკა; ტურიზმი; წარმოება და სოფლის მეურნეობა. ვრცელ გამოსვლაში მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში – ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, პოლიტიკური სტაბილურობით, ეროვნული უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული. წლების განმვალობაში ამ ტრანსფორმაციას მოწმობს ბევრი საერთაშორისო რეიტინგი და დღეს საქართველო არის ლიდერი და მისაბაძი რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და სტაბილური, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით,“–აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შარშან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. “ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს, კიდევ უფრო გაზრდის უცხოური კაპიტალის მოზიდვის დადებით ტენდენციას. მსოფლიო ბანკის “ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის” თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა. Heritage Foundation-ის უკანასკნელი კვლევა კი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ყოველწლიური შეხვედრის ადგილად საქართველოს შერჩევისთვის და სესიის მონაწილეები ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები