2017 წელს საქართველოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში გაიმართება
2017 წელს საქართველში ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში ახალგაზრდებს შორის – აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ერთხმად მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში 2017 წელს უნდა ჩატარდეს, უმაღლეს დონეზე უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ღონისძიება ისეთი მაღალი დონისა უნდა იყოს, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ იყოს მომართული.
„ეს არის ძალიან დიდი აღიარება, პირველ რიგში, ჩვენი რაგბისტების და ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდა თითოეულ რაგბისტს მივულოცო ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება. ეს არის სწორედ თქვენი დაფასება, თქვენი წარმატების დაფასება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირი რაგბისტებით. მე მინდა მივულოცო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს, სპორტის მინისტრს, ასევე რაგბის ყველა ქომაგს. 2017 წელს ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი ჩვენი ქვეყნისაკენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსეულად დავხვდებით ნაკრებებს მთელი მსოფლიოდან. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენ გმირ რაგბისტებს”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.