სპეციალურად ქართული დიზაინით შექმნილი ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისშია
თბილისის აეროპორტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდნის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოში სპეციალურად ქართული დიზაინით შექმნილი ჩირაღდანი ჩამოიტანეს. ის ფესტივალის თილისმამ – ხოხობმა პიკიმ სიმბოლურად გადასცა „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ახვლედიანს.
პრეზენტაციას „თბილისი 2015“-ის მოხალისეები დაესწრნენ. უშუალოდ ოლიმპიური ცეცხლის საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოტანა დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, მოხდება. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 14 ივლისს ოლიმპიური თამაშების სიმბოლო თბილისში შემოვა.