ფიქრია ჩიხრაძე: კვლევის მიხედვით, რომელიც გამოიკვეთა, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა შემაშფოთებელია
„ევრაზიული კავშირის მომხრე 31%-ის დიდ ნაწილს ხელისუფლების მომხრეები, ნაწილს კი ეროვნული უმცირესობები და პრორუსული პოლიტიკური ძალების მომხრეები შეადგენენ“, -აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ევრაზიული კავშირის მიმართ ილუზიები საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ხელისუფლების უცნაურმა განცხადებებმა გაუჩინა.
„ხელისუფლების უცნაური განცხადებების გამო ხალხს ილუზიები გაუჩნდა ისეთი კავშირის მიმართ, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული და ბოლომდე სტრუქტურიზებული არ არის. ჯერ ამ კავშირის მხოლოდ კონტურები შეიქმნა. არ არის განსაზღვრული წევრები, ისევე როგორც ის, თუ რა ურთიერთობის ფორმები უნდა იყოს, ან რა სიკეთე შეიძლება საქართველომ მიიღოს ამ ყველაფრიდან. ამის თაობაზე არავინ არაფერი იცის და უცებ – მხარადმჭერების 31% უჩნდებათ. ეს შემაშფოთებელი ციფრია“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 31% უჭერს მხარს.