დავით ბაქრაძე ალინა რომანოვსკის შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა.
როგორც “კვირას” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.
გარდა ამისა, დავით ბაქრაძემ სტუმრებთან ვიზა -ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას აღნიშნული პროპრიტეტების მხარდასაჭერაზეც ისაუბრა.
“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების კოორდინატორთან საუბარი შეეხო იმ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, რეგიონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ გვესაუბრა იმ დახმარებებზე, რომელსაც ასევე, გამოყოფს ევროკავშირი, რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ამ დახმარებების ერთმანეთზე გადადება. შესაბამისად, გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ინვესტიციებს, მცირე, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.