ზურაბ აბაშიძე: კარასინთან შეხვედრას ქართველი ექსპერტიც დაესწრება

აბაშიძე-კარასინის ფორმატი ფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს.
მისივე განმარტებით, იგი მორიგ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გამართავს.
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმატში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა მიმდინარეობს, ლოგიკურია, შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ესწრებოდეს.
“შეიძლება პატარა ცვლილება იყოს ჩვენს ფორმატში. თუ აქამდე თქვენი მონა-მორჩილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და რუსეთის მხრიდანაც ასე იყო, ახლა შეიძლება, ამ შეხვედრას დაესწროს თითო ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან. რადგან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და არის სპეციფიკური თემები, ეს ლოგიკურია, რომ შეხვედრას ესწრებოდეს იმ უწყების წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც უფრო ჩახედულია ამ თემებში. სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, რჩევები, თუნდაც კრიტიკა, რაც გვესმის ხოლმე ჩვენი კოლეგების თუ ოპონენტებისგან და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები