EBRD-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით მიღება გაიმართა

საქართველოსთვის ძალიან საპატიოა, რომ ვმასპინძლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიღების მონაწილეებს, რომელიც დღეს EBRD-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სერ სუმა ჩაკრაბარტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობამ დღეს ახალ სიმაღლეებს მიაღწია.
„ბატონებო, თუკი ფანჯარაში გაიხედავთ, თქვენ თვალწინ გადაიშლება უძველესი და მდიდარი კულტურის მქონე ქალაქის ხედი. თქვენ ასევე დაინახავთ დინამიკურ ქალაქს, მზარდი დემოკრატიის მქონე ქვეყნის დედაქალაქს, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ბიზნესისა და ვაჭრობის თანამედროვე ცენტრად და ინვესტირებისთვის ძალიან მიმზიდველ ადგილად. ჩვენმა გზამ ევროინტეგრაციისკენ, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გარდაქმნა საქართველო, პოტენციალი კი გაცილებით დიდია. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას 24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში გატარებული დრო, მისი კულტურა, მისი დინამიზმი და ხალხის სტუმართმოყვარეობა წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და კვლავ დაბრუნების სურვილს გაგიჩენთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ მიღებაზე შეკრებილ მაღალი რანგის სტუმრებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები სამუშაო დღეებს ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები