თინათინ ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამხედროები რაც შეიძლება უკეთ იყვნენ აღჭურვილნი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია. სამხედრო ბაზაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ – მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. ქვედანაყოფის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერებინა და სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და სამუშაო პირობებსაც გაეცნო. მან სასწავლო კლასები, საცხოვრებელი ოთახები მოინახულა და ჯარისკაცების კვების საკითხითაც დაინტერესდა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და აღჭურვის საკითხი იქნება.
„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უკეთ იყვნენ სამხედროები აღჭურვილნი. ასევე, მათ ვარჯიშის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად წვრთნების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებში გეგმურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო.