საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანელ პარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარესთან კარინ შტრენცთან და ამავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კარინ შტრენცთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ბუნდესტაგის დეპუტატები: იოჰანეს კარსი, კატრინ კუნერტი, თაბეა რიოსნერი და თანკრედ შიპანსკი, რომლებიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.
გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სულ უფრო ინტენსიური ხდება, სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ვიზიტების სიხშირის პარალელურად. მეგობრობის ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესით და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანელ პარლამენტარებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ასევე ხაზი გაესვა გერმანიის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესისადმი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის დელეგაცია 10-დან 13 მაისის ჩათვლით სტუმრობს საქართველოს და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი დონის წარმომადგენლებთან.