„ხიდაშელი არ უნდა წამოგებოდა ანკესს. მას კლუბი კი არა, მასწავლებელი სჭირდება“
„ხიდაშელს რეპეტიციაზე არაფერი ესაქმებოდა, ეს ჯარის ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა. მწყობრის წინ მინისტრი მოღიავებული არ უნდა იდგეს. როგორც გამოჩნდა, მან არც ის იცის, რომ მწყობრთან დაცვის თანხლებით არ უნდა მისულიყო”, – აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
ყოფილმა მონისტრმა მოქმედი მინისტრი სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და რჩევებიც მისცა. დავით თევზაძის განცხადებით, მინისტრი არათუ უშულოდ ჩაერია ჯარის იმ კონკრეტულ საქმეში, რაც მას არ ეხებოდა, არამედ დაარღვია პროტოკოლით გათვალისწინებული წესებიც, რაც მის ჩაცმულობასა და დგომის მანერაში გამოიხატა. თევზაძე პრობლემებს ხედავს იმაშიც, რომ ხიდაშელი საკუთარ ფუნქციებში კარგად ვერ გაერკვა.
„თავდაცვის მინისტრი პოლიტიკოსი ან სერიოზული სამხედრო პროფესიონალი უნდა იყოს. პოლიტიკოსის მოთხოვნა პრინციპში დაკმაყოფილებულია და ის მდედრობითი სქესისაა თუ მამრობითის, ამაში საგანგაშო არაფერია. პოლიტიკოსი, პოლიტიკოსია. პრობლემა სხვა რამაა. იმ გამოცდილების პოლიტიკოსი, როგორიც ხიდაშელია, არ უნდა წამოგებოდა ანკესს და ოპერატიულ მართვაში არ უნდა ჩარეულიყო. ეს ფუნქციების აღრევას მოასწავებს. იყო ჩაცმის პრობლემაც, მწყობრის წინ მინისტრი მოღიავებული არ უნდა იდგეს. მან არ იცის ასევე, რომ მწყობრთან დაცვის თანხლებით არ უნდა მისულიყო. ან ვერ აქცევს მინისტრი პროტოკოლს ყურადღებას, ან უბრალოდ პროტოკოლის სამსახური არ ვარგა.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ რეპეტიციაზე მისი მისვლა, მისი, როგორც თანამდებობის პირის, ვალდებულება იყო. ეს ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა, მას რეპეტიციაზე არაფერი ესაქმებოდა. მინისტრის ხათრით მივიდა გენერალური შტაბის უფროსიც. მინისტრის მსგავსად, მასაც არაფერი ესაქმებოდა რეპეტიციაზე. ამ ქმედებით მან ჯარები ინსპექტირების რეჟიმში გადაიყვანა, მას კი არანაირი ხელი ჯარების ინსპექტირებასთან არ აქვს. თუკი მაღალი დელეგაცია ჩამოვა და თუკი მინისტრი ახლავს ამ დელეგაციას, მაშინ შეუძლია მას მწყობრის წინ გაიაროს. მწყობრის წინ შეუძლია გავლა რომელიმე სხვა ქვეყანაში სტუმრობისას, როდესაც მის საპატივცემულოდ საპატიო ყარაული გაეწყობა, დანარჩენ შემთხვევაში მას მწყობრთან საქმე არა აქვს. გამოჩნდა, რომ დარღვეული იყო ჩაცმის და დგომის მანერა“, – აღნიშნა დავით თევზაძემ.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, თინა ხიდაშელს კარგი მასწავლებელი სჭირრება. მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვაში პორველად შედიან, სპეციალური სასწავლო კურსები უტარდებათ:
„თურქეთში მსგავსი კურსები სამიდან ექვს თვემდე გრძელდება, სადაც მომავალ მინისტრს აცნობენ სტრატეგიას, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემას, ჯარის მშენებლობის სტრატეგიას, ეკონომიკურ ვითარებას, გარემოს შეფასებას და პლუს სამხედრო კულტურას. ამის შემდეგ ის მზად არის, მართოს თავდაცვის სფერო“.
დავით თევზაძემ თინა ხიდაშელის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც მოქმედი მინისტრი თავდაცვის ყოფილი მინისტრების შემადგენლობით კლუბის შექმნას და მათთან თანამშრომლობას გეგმავს.
როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, კლუბის შექმნის იდეა მხოლოდ პიარია: „ხიდაშელის ინიციატივა არაფრის მომტანია. ეს ჩვეულებრივი პიარსვლაა. მე ამ კლუბში ვერ გავწევრიანდები, იქ ისეთი ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც თავის დროზე შემთხვევით მოხვდნენ პოზიციებზე. მათთან საერთო სალაპარაკო თემის გამონახვა გამიჭირდება. მინისტრს დღეს კლუბი კი არა, მასწავლებელი სჭირდება. ის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია და ძალიან არ მესიამოვნება, რომ წარუმატებელი იყოს“,- აღნიშნა თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში.