“საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ” (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ, – ურთიერთგაგების მემორანდუმს, ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს ხელი. 15-წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იქნებიან. ინვესტორთა საბჭო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს. „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყანაში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს არსებობისთვის. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და განვახორციელებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც ბიზნესსაზოგადოება შემოგვთავაზებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება თბილისში, საქართველოსადმი ნდობის დიდი დემონსტრირებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს. მემორანდუმის ხელმოწერას მიესალმება EBRD-ის პრეზიდენტი. „ინვესტორთა საბჭოს მიზანია ძლიერი პლატფორმის შექმნა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის. ამ ინიციატივით საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად”, – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.