“პარლამენტმა ქალაქებში პარკირების წესების მოწესრიგებაზე გადაწყვეტილება მიიღო”

იუსტიციის სახლში გამართულ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის ქალაქებში პარკირების წესების მოწესრიგება. როგორც დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ცვლილებების მიხედვით, აღარ იქნება მანქანების „ქუჩებიდან გატაცება“, როცა მანქანა დგას, არ ქმნის საცობს, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საავარიო სიტუაციას და „სითი პარკს“ მაინც მიჰყავს მანქანა საჯარიმო სადგომზე.
იმის გამო, რომ დგომა – გაჩერების წესები დარღვეულია, „სითი პარკს“ მანქანა მიჰყავს საჯარიმო სადგომზე, ახდევინებს ჯარიმას და, ამასთან ერთად, დამატებით კერძო ჯარიმას, გადაყვანის ყოველ დღეზე, 70-80 ლარს. 15 ივნისიდან ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც კომპანიებს, რომლებიც პარკინგის სერვისს ემსახურებიან, აღარ ექნებათ უფლება, მანქანა საჯარიმო სადგომზე წაყვანონ, თუ მანქანა არ ქმნის ავარიულ მდგომარეობას, ან საცობს. შეიქმენება ასევე „ცხელი ხაზის“ და ელექტრონული შეტყობინების სერვისი, რომ მოქალაქემ მისი მანქანის გადაყვანის შემთხვევაში იცოდეს, სად დარეკოს. მოქალაქეები ზარის ან სმს ვოლში მისი მანქანის ნომერის შეყვანის საშუალებით დაადგენენ, თუ რომელ საჯარიმოზე იმყოფება მისი მანქანა“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მეორე გადაწყვეტილება, რაც კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, ნარკოტიკების გასაღების საკითხს ეხება. დეპუტატის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო, რადგან აღნიშნულ მუხლში ერთნაირი პასუხიმგებლობის ქვეშ იყო თავმოყრილი ნარკოტიკების შეძენაც, შენახვაც, მოხმარებაც, გადატანაც და გასაღებაც.
„ჯიბეში ედო ნარკოტიკი ვიღაცას თუ ყიდდა ნარკოტიკს, ერთნაირად 11-წლიანი სასჯელით ისჯებოდა. ჩვენ ერთნამეთისგან გავმიჯნეთ ეს ყველაფერი. გასაღება ყველაზე მძიმე დანაშაულია. შეძენა – შენახვისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაღვრა, გასაღება კი კვლავაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით განისაზღვრა. ხოლო ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთაც 6 წელზე მეტი უკვე მოიხადეს და ბრალი შენახვა – შეძენაში და არა გასაღებაში ედებოდათ, უფლება ენიჭებათ, რომ საქმის გადასინჯვა მოითხოვონ და მათ ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი წარმოეშვებათ“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა. რაც შეეხება ნაროტიკული ნივთიერების მოხმარებას, ნარკოტიკების მოხმარებაზე პირველი დაკავება თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს და სასჯელი ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. ხოლო მეორე და მესამე ჯერზე პირის მიმართ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. დეპუტატის განცხადებით, კანონი ძალაში სავარაუდოდ ივნისის თვეში შევა.
შემდგომი საკითხი, რაზეც იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა, არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის შექმნაა. დეპუტატის თქმით, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში სრულიად ახალი კოდექსი შეიქმნება. „არასრულწლოვანთა კოდექსის შექმნით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამოდის რეგულაციები და არასრულწლოვნებთან მიმართებაში არსებული დავები ცალკე კოდექსით იქნება რეგულირებული. ეს იქნება ძალიან სერიოზული დაცვის გარანტიებით, ადვოკატის სავალდებულო უზრუნველყოფის წესით დაწყებული, დამთავრებული ფსიქოლოგის დასწრების აუცილებლობით“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები