პრემიერი აშშ–ის უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს. ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება–„ღირსეული პარტნიორი“ ორ ქვეყანას შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მანვე ჩარლზ კაპჩანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით, განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.