საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“ (The Eastern Partnership – Partnership of Free Choice) სიტყვით გამოვიდა.

“რადგან დღეს ვსაუბრობთ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, პარტნიორობის ქვეყნებზე, საქართველოზე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაზე, რომელმაც ნათლად განაცხადა თავისი ორიენტაციის, პერსპექტივის , მომავლის ხედვის, საკუთარი იდენტობისა და იმის, შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი რეგიონის მომავალს, ნება მომეცით საუბარი დავიწყო იმ ფაქტით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეს არჩევანი ისტორიულად გააკეთა და საკუთარი თავი კულტურულად, ემოციურად  და  ჩვენს ღირებულებებზე დაფუძნებით მიუძღვნა იმ ერთა ოჯახს, რომელსაც ჩვენ ევროპას  ვუწოდებთ;  ეს გააკეთა არა მოქმედმა მთავრობამ, ან მისმა წინამორბედმა, ან მათზე ადრე არსებულმა მთავრობებმა, არამედ ეს არის ჩემი ერის კულტურის იდენტობა, რომელსაც ზოგი მთავრობა ეფექტიანად ემსახურება, ზოგი ნაკლებ ეფექტიანად, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენი არჩევანია გავხდეთ ამ პოლიტიკური, კულტურული და ღირებულებებზე დაფუძნებული ერთა ოჯახის ნაწილი.

ეს არ არის პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული, არამედ ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ნება მომეცით, უფრო დეტალურად აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის.

პირველ რიგში,  ეს რამდენიმეჯერ მითქვამს –  მე მჯერა, რომ რიგითი ქართველები, როგორც ინდივიდები, მათი ოჯახური ცხოვრების წესი, წიგნები, რომელებსაც ისინი კითხულობენ, ემოციური კონტექსტი, რომელიც მათ აქვთ, კულტურა, რომელსაც ისინი ქმნიან – ერთმნიშვნელოვნად ევროპული კულტურაა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო სრულიად ევროპული ქვეყანაა? მე ვიტყოდი, რომ არა.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული გამოწვევები, რომლებიც უნდა გადავლახოთ. გამოწვევა, გადავიყვანოთ  პოლიტიკურ სისტემაში ინდივიდუალური დაა კულტურული ევროპულობა. ის თუ როგორ ხედავს და აფასებს საზოგადოება ამ საკითხებს. ჩვენ  ეს გამოწვევა გვაქვს დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე. საქართველომ გაიარა ძალიან რთული პროცესი ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ იმ ქვეყანაში ავაშენოთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომელიც  სერიოზული საფრთხეებისა და პრობლემების ქვეშ იყო.

პირველი რიგში ეკონომიკური პრობლემები; მეორე ის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და იყო ოკუპირებული. ჩვენ ვართ ჭიდილში პოლიტიკურ წარსულთან, რომელიც  საქართველოში იყო და ძირითადად წარმოადგენდა იმ იმპერიის ნაწილს, რასაც ვეძახდით საბჭოთა კავშირს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ეფექტიანად დავძლიეთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები.

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც პოლიტიკურ ერთეულზე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით  შეცვალა და  შეძლო რეალურად ღია და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება;

ეს არის ქვეყანა, რომელიც აშენებს საბაზრო ეკონომიკას; ქვეყანა, რომელიც ავითარებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემებს. რა თქმა უნდა ყველა ეს გამოწვევა ჯერ არ არის დაძლეული, მაგრამ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე ამ მიმართულებით.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან მძიმე გარემოში, სადაც ჩვენი მეზობელი არის   ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და  ბირთვული შესაძლებლობების ქვეყანა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს. ქვეყანა, რომელმაც  მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც აღრმავებენ ამ ოკუპაციის ხარისხს ანექსიამდე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს არჩევანი არ შეცვლილა. საზოგადოება ძალიან ძლიერი და მტკიცეა იმ  არჩევანში, რომელიც მიღებული იყო, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ წინაპრების მიერ.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი და სასარგებლო საშუალებაა  ჩვენი ევროპული იდენტობისა და ევროპული წარსულის განვითარებისათვის. როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი კულტურული, ევროპული ღირებულებების რეფორმირება და ტრანსფორმაცია პოლიტიკურ სისტემებსა და ინსტიტუტებში; და აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც შესაძლებლობა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მალევე განვითარდა, აქტიურად არის გამოყენებული საქართველოს მიერ ამის მისაღწევად, რათა მოხდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემებისა და საზოგადოების გარდაქმნა.

ეს არის ძალიან სასარგებლო საშუალება, რომელიც გვაძლევდა კონკრეტულ და ზუსტ მინიშნებებს თუ რა უნდა გაკეთებულიყო; მინიშნებებს საკანონმდებლო დონეზე, მინიშნებებს, რომლებიც გვეხმარებოდა და გვეხმარება  გარდავქმნათ ჩვენი მმართველობის წესი, გავეცნოთ ახალ და თანამედროვე სისტემებს და ვუზრუნველყოთ მმართველობისა და პოლიტიკური სისტემების მართვის, ძირითადი მიზნებისა და ამოცანების რეფორმირება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, ბოლო ნიშნულის მიღწევამდე სასარგებლო საშუალება  იყო.

მახსოვს, ჩვენი დიალოგი ევროპელ პარტნიორებთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგაც ეფექტიანი იყო.  ჩვენ  ძალიან მჭიდრო კონტაქტი და  აქტიური დიალოგი გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან; ჩვენ შევძელით  არა მხოლოდ მიგვეღწია შესაბამისი სტანდარტებისათვის, არამედ კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ამ გზაზე.

 გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას. მას შემდეგ დღის წესრიგი კიდევ უფრო დატვირთული გახდა და  ჩვენს მიერ ბიზნესის წარმოების, საბაჟო მომსახურების და სხვა მსგავსი დეტალების, ვაჭრობისა და ბიზნესის წვრილმანი ნიუანსების ტრანსფორმაციას ახდენს. გასული წლის შემდეგ, ინტენსიური დიალოგის გზით ბევრს მივაღწიეთ  და ეს მიღწევები აღიარებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ. რაც შეეხება საკითხს, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ არის ანგარიში, რომელმაც მნიშვნელოვანწილად აღიარა ეს მიღწევები,  მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს როგორც პრობლემები, ისევე შესაძლებლობები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

რა გამოწვევები და შესაძლებლობებია ეს? მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ასრულებს ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისათვის. მჯერა, რომ ჩვენ ვქმნით უდიდეს შესაძლებლობებს, როგორც კულტურული მიმართულებით, ისე პირადად.

ჩვენ ვართ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა, ერთ-ერთი ერი, რომელსაც გააჩნია  საკუთარი დამწერლობა. დიდი კულტურული ისტორია პოეზიასა და ლიტერატურაში, რომელიც  ათასწლეულებს ითვლის. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გააჩნია პოტენციალი ხელოვნებაში, კულტურასა და მეცნიერებაში და  გაუზიაროს ევროპას.

ამავე დროს ჩვენ ვართ ერი, რომელიც  ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით  შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს. საქართველო როგორც ქვეყანა, თავისი მდებარეობით რუკაზე, ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის ურთიერთობაში.

თუ  რუკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი მდებარეობა კასპიისა და შავ ზღვებს შორის, ქმნის კავშირს და  შესაძლებლობას ენერგეტიკის, სასაქონლო სატრანზიტო და  ტრანსპორტირების საკითხებში. ეს არის ქვეყანა, რომელსაც  საქართველო ჰქვია და ჩვენ  ამ როლს  ვასრულებთ ბოლო ორი ათწლეულია.

დღესდღეობით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს როლს და  წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან.

უფრო მეტიც,  ვქმნით  შესაძლებლობას,  ენერგო-რესურსებისა და  სატრანსპორტო კომუნიკაციისთვის ევროპისა და აზიის უდიდეს ბაზრებს შორის.

 ეს არის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს არა მხოლოდ ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში, არამედ იმ ქვეყნების  თავისუფალი არჩევანის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც კასპიის ზღვის აუზს წარმოადგენენ.

საქართველო ახორციელებს პარტნიორულ როლს კავკასიაში, რაც  ევროპული უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანი  ნაწილია.

ვაჩვენებთ პარტნიორობისა და  მეგობრული მეზობლობის კარგ მაგალითს, ჩვენს ყველა მეზობელთან და ვქმნით  პარტნიორობის შესაძლებლობას   ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და  თურქეთთან, რაც ასევე უწყობს ხელს ევროპის სტაბილურობას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა საინტერესო ფორმატით გარდაიქმნა იმ კონტექსტში, რომელიც მე უკვე აღვწერე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის  ექვსმა ქვეყანამ აირჩია განსხვავებული ორიენტაცია და მიმართულება, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში ყოველი მათგანი მნიშვნელოვნად ეთნხმება  იმ საკითხებს, რომლებიც ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში აღინიშნება და იმ შესაძლებლობას , რომელსაც საქართველო წარმოადგენს თავისი ევროპული ორიენტაციითა და ევროპასთან ალიანსის გაღრმავებით.

 მე ვსაუბრობ ჩვენს აზერბაიჯანელ, სომეხ და ბელორუს პარტნიორებზე, ქვეყნებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მკვეთრად დეკლარირებული ორიენტაცია, როგორც ეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შემთხვევაშია. ისინი  ხედავენ უდიდეს პოტენციალს, საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც სწორედ   ჩვენს ევროპულ ორიენტაციაზეა დაფუძნებული.

ისინი არიან ქვეყნები, რომლებსაც არჩეული აქვთ გასხვავებული ორიენტაცია და სივრცე ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, მაგალითისთვის ბელარუსს და სომხეთს. საქართველოსთან მიმართებაში კი  ვსაუბრობთ  შესაძლებლობებზე, რომლის მიღებაც შესაძლებელია სავაჭრო შეთნხმებიდან, და არა განსხვავებებზე, რომლებიც გვაქვს საბაჟო კავშირის შემთხვევაში.

ყველა ამ  მიმასრთულების გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორების  კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პარტნიორობის შესაძლებლობას, რომლებსაც მეტი მრავალფეროვნება  და შემდგომი სტაბილურობა მოაქვს როგორც, ევროპისთვის ისე გლობალურად.

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ჩართული მოთამაშე, როდესაც ვსაუბრობთ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. ჩვენ ვმონაწილეობთ, საერთაშორისო მისიებში,   თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენ არ ვართ ყოველთვის ამ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომხმარებლები.

შესაძლებლობებთან ერთად , რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშეა სირთულეებიც, რომლებიც ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთის ფედერაციასთან  გვაქვს. პრობლემები  შექმნილია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უკრაინასა და გლობალურად რეგიონში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, საკუთარი მეზობლისადმი, რუსეთისადმი დამოკიდებულება, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მშვიდობიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული იყო ჩვენი ტერიტორიები, რაც შარშან კიდევ უფრო გართულდა, ჩვენ ასევე გვქონდა 2008 წელი, როდესაც თავს დაგვესხა რუსეთის სამხედრო ძალები და  2014 წელი, როდესაც იგივე განმეორდა უკრაინაში.

მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვესმის ამ პოლიტიკის არსი, რადგან ვფიქრობთ, რომ სირთულეების შექმნა მეზობლებისათვის და ფაქტი, რომ ისინი არიან შიშისა და ზეწოლის ქვეშ, არაფერს კარგს არ მოუტანს რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიზაციით, ევროჩართულობით, საქართველოს გზის წინსვლით დემოკრატიისაკენ და ამ, ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური არჩევანით,  რაღაც ეტაპზე, რაციონალური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა, რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ისტორიის გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველივე ეს ემთხვევა ჩვენი ერის მიზნებსა და ისტორიულ არჩევანს, გვაძლევს საკმაოდ ძლიერ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავებისათვის, არამედ ჩვენი საზოგადოების მოდერნიზაციისათვის და მე, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერები, ძირითადად ვეყრდნობი ჩვენი საზოგადოების არჩევანს და ნათლად ვაცხადებ, რომ ეს არის ჩვენი გზა, ევროპა ჩვენი არსებობის ბუნებრივი ადგილია და ჩვენ იქ ვიქნებით, როგორც ამ პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური გაერთიანების სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონფერენციას მოდერირებას უწევდა ევროპის კოლეჯის სამეზობლო პოლიტიკის კათედრის გამგე ტობიას შუმახერი. კონფერენციაში პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიიღეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იუოან მირჩა პაშკუმ, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ოიარს კალნინშმა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა გუნარ ვიგანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები