გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს. გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.
გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს.