გამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია

NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში? – დადებითი პასუხი 31 %-მა გასცა. 41 %-მა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს ან აირჩიეს კატეგორია “არ ვიცი”.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი – გამოკითხულთა უმეტესობა – 65 % დადებითად აფასებს, 20 %-სთვის კი ეს მიუღებელია. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68 %-სთვის, მიუღებელი კი 16 %-სთვის.
რესპონდენტთა 25 % “სრულად ეთანხმება” მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 24 % კი – “ეთანხმება”. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე – მას “სრულად ეთანხმება” 11 % და “ეთანხმება” 15 პროცენტი. არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 6 %, არ იცის 17 %-მა, 1 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები