„დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ“
ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ. მისივე თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ. გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს“,-აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ, გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.