“სამწუხაროა, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის გამო მოსკოვს ფასი არ გადაუხდია”

დასავლეთს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა რომ შეეფასებინა როგორც წითელი ხაზის გადაკვეთა, შესაძლოა, უკრაინაში ყველაფერი ასე შორს არ წასულიყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სააგენტო “უნიანი” ავრცელებს.
ინტერვიუში ბერუჩაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და უკრაინის კრიზისზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლება დაძაბულობის შემცირებაზე დებს ფსონს და ამან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამდე მიგვიყვანა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.
“ჩვენ ვცდილობთ, ამ რთული სიტუაციიდან დიპლომატიური გამოსავალი ვიპოვოთ. თბილისმა მოახერხა კრემლთან დიალოგის განახლება. სამწუხაროდ, მოსკოვი კონფლიქტის მხარდაჭერის სტრატეგიას აგრძელებს. ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის გამო მოსკოვს ფასი არ გადაუხდია. ევროკავშირი გვეხმარებოდა რუსეთთან შეთანხმებაში, მაგრამ ეს შეთანხმება არასოდეს სრულდებოდა მოსკოვის მიერ. არ იყო არანაირი სანქციები, კრემლს არ მოუწია ფასის გადახდა. რამდენიმე თვის შემდეგ ევროპელებმა ჩვეულებრივ განაახლეს სტრატეგიული დიალოგი მოსკოვთან.
საქართველოში რუსები უბრალოდ ამოწმებდნენ, რამდენად შორის შეეძლოთ წასვლა და როდესაც ისინი არავინ შეაჩერა, უფრო შორს წავიდნენ. დასავლეთს რომ შეეფასებინა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა როგორც წითელი ხაზის გადაკვეთა, შესაძლოა, უკრაინაში ყველაფერი ასე შორს არ წასულიყო. დღეს ჩვენ ვხედავთ სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ დანაკარგებს, რაც აჩვენებს რუს პოლიტიკოსებს, რომ დასავლეთი მათ ქმედებებს არ შეეგუება“, – აცხადებს ბერუჩაშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია უფრო მკაცრი, ერთიანი მიდგომა. “ქართველებს არასასიამოვნო გამოცდილება გვაქვს, როცა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავს. მინსკის შეთანხმებების შემთხვევაში უკრაინაში იგივე ხდება. ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრიანაში ყველაფერი უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, დასავლეთი მოსკოვს შესაბამისი შედეგებით რომ არ დამუქრებოდა. ამან ევროპაც დააზარალა, ეკონომიკურმა სანქციებმა დასავლეთის კომპანიებსაც დაარტყა”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
კითხვაზე – რისი მიღწევა სურს პუტინს, თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ვლადიმერ პუტინს ირაციონალად მიიჩნევს, მაგრამ ის ამ მოსაზრებას არ იზიარებს. “როდესაც მან საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა უწოდა, ზუსტად ეს ჰქონდა მხედველობაში. მის მერე ცდილობს, გავლენის ძველი სფეროები აღადგინოს”, – აღნიშნავს თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები