თეა წულუკიანი: ინსტიტუციური დემოკრატია – აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად
ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული უაღრესად დადებითი ტექნიკური ანგარიში არის ბოლო ექვსი თვის მანძილზე მასშტაბური მუშაობის შედეგი – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ინსტიტუციური დემოკრატია არის ის, რასაც ეს ხელისუფლება მემკვიდრეობად დატოვებს.
“ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს, ვინც ამ შედეგის მიღებაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ყველამ ერთად! და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ინსტიტუციური დემოკრატია – აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად.
ევროკავშირი: „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზა – ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში. ეს წარმოაჩენს ქვეყნის სრულ მზადყოფნას და იმ ძალისხმევის ხარისხს, რაც მან განახორციელა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების იმპლემენტაცია და შედეგები სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული. ეს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპების და პროცედურების ერთიანობა ოთხივე ბლოკის შემთხვევაში საერთო ჯამში შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანებს”,- აღნიშნავს თეა წულუკიანი.