ირაკლი ღარიბაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს ისეთი სასამართლო, რომელიც არასოდეს შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი სასამართლო, რომელიც არასოდეს შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში პირველად შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას.
„ეს კოდექსი ნოვაციაა ჩვენს სამართლებრივ სივრცეში და მთავრობის მიზანს ამჟამად მისი სრული და ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს. დანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, მიმდინარეობს და გაგრძელდება ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელება“,-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროკურატურა დეპოლიტიზებულია და ეს კურსი გაგრძელდება.
„პროკურატურის მთავარი ამოცანა გახდა საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერი უფლებებით უზრუნველყოფა. მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ გაიზარდოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობა. პროკურატურის რეფორმის შედეგად მთლიანად გარდაიქმნება საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის წესი და ამ პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტისა და საზოგადოების მონაწილეობა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოს სრულიად დეპოლიტიზებულია.
„მინდა გითხრათ, რომ უკვე გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგად განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია, შემოღებულ იქნა საბჭოს წევრების არჩევის ახალი, დემოკრატიული წესები, განისაზღვრა მკაფიო კრიტერიუმები და გამჭვირვალე სისტემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ ახლად დანიშნულ მოსამართლეთა საქმიანობის შესაფასებლად, რომლებიც,სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, თანამდებობაზე უვადოდ უნდა განწესდნენ. დაიწყო სამართლიანი და ჩადენილი ქმედების თანაზომიერი სასჯელის პოლიტიკის განხორციელება; პატიმრობის,ისევე როგორც სასჯელის მოხდის რეჟიმი უახლოვდება საერთაშორისო ოსტანდარტებს, რითაც უფრო მეტად იქნება დაცული ადამიანის უფლებები. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა შეიძინა სწრაფი, ეფექტიანი და ამასთან, სამართლიანი მართლმსაჯულების მექანიზმის თვისებები“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.