“მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წევრებს ხელისუფლების საქმიანობის შედეგები წარუდგინა და სამოქმედო პროგრამის – “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” პრიორიტეტები გააცნო. მისი განმარტებით, მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.
“ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას; გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები,”-აღნიშნა პრემიერმა.
მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზი და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვითარების სტაბილიზაციისთვის. სიტყვის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა.
“მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი და არანაირი დაბრკოლება არ გვქონდეს ამ მიმართულებით. მეც და მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი სრულად ვაცნობიერებთ და ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ზედიზედ სამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაგვაკისრა. მე, როგორც მთავრობის მეთაურს, ბუნებრივია, ამ პროცესში მაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს. ეს ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ ამას დასჭირდეს სამთავრობო გუნდის გადახალისება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადება მთავრობას მისცემს სტიმულს, რათა ახალი ენერგიით, ახალი ძალისხმევით გააგრძელოს მუშაობა.