პრემიერი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.
„ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტერგაციის პროცესის შესახებ, მათ შორის როგორც კონკრეტული სარგებლის, ისე იმ ღირებულებების თაობაზე, რასაც საქართველოს ევროპული განვითარების გზა გულისხმობს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების ძალისხმევას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ, მისი თქმით, შემცირდა აღიარებათა რიცხვი და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა.